четверг, 17 ноября 2011 г.

სასწავლო რესურსი: "მგზავრის წერილები"

"მგზავრის წერილები" – გზა ვლადიკავკასიდან თბილისამდე
ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილების" სრული სათაურია– "მგზავრის წერილები, გზა ვლადიკავკასიდამ თბილისამდე". რას გრძნობს ავტორი, ბრუნდება რა სამშობლოში , ეს ძალიან კარგადაა გადმოცემული თავად ნაწარმოებში. უფრო კარგად გავიაზრებთ ამ გზის მნიშვნელობას, თუ გავიგებთ, რომელ გზას ეწოდება "საქართველოს სამხედრო გზა"? როდის დაიწყო მისი გაყვანა? რა მონაკვეთებს მოიცავს ? ცოტა რამ საქართველოს სამხედრო გზის შესახებ:
საქართველოს სამხედრო გზა სახელწოდებაა ისტორიული გზისა, რომელიც გადის კავკასიონის მთავარ ქედზე და აერთებს თბილისსა და ვლადიკავკაზს.
გზის სიგრძე 208 კმ-ია. იგი მიემართება მტკვრისა და არაგვის ხეობებში, გადის ჯვრის უღელტეხილზე (2384 მ), მიუყვება ბაიდარის ხეობას, შემდეგ დარიალის ხეობაში გადაკვეთს კავკასიონის გვერდით ქედს და ეშვება თერგის ხეობაში ვლადიკავკაზისაკენ. საქართველოს სამხედრო გზა გადის საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, სადაც მდებარეობს საკონტროლო-გამშვები პუნქტები: ზემო ლარსი და ყაზბეგი.

გზის მშენებლობა დაიწყეს გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ, 1783 წელს, გზის მშენებლობა ტრაქტატით იყო გათვალისწინებული, მფარველი რუსეთი ამით უკავშირდებოდა საქართველოს. ამავე დროს დაიწყო ვლადიკავკაზის ციხე-სიმაგრის მშენებლობა. ახალი გზა გაყვანილ იქნა ძველი ისტორიული გზის გასწვრივ, რომელიც დარიალის ხეობით უკავშირებდა ჩრდილოეთ კავკასიას სამხრეთთან.
მუდმივი მიმოსვლა გზაზე გაიხსნა 1799 წელს. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801), დაიწყო ახალი გაუმჯობესებული სამხედრო გზის მშენებლობა. საქართველოს სამხედრო გზას, პოლიტიკური და სამხედრო დანიშნულების გარდა, დიდი ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობაც ჰქონდა. სხვადასხვა დროს ამ გზაზე გაუვლიათ ა.გრიბოედოვს, ა.პუშკინს, ვ.მაიაკოვსკის და სხვა ცნობილ მოღვაწეებს.
ამ სტატიაში განლაგებული ყველა სურათი წარმოდგენას შეგვიქმნის,როგორ გამოიყურებოდა ეს მონაკვეთი ილიას მგზავრობისას.რას ხედავდა მწერალი.
ქვემოთ მოყვანილ სურათზე კი დაბა ყაზბეგთან ერთად მყინვარწვერიც მოჩანს, რომელიც ილიამ გოეთეს შეადარა და იქვე დასძინა , რომ მას მძვინვარე და ბაირონვით მოუსვენარი თერგი ურჩევნია.სხვათა შორის, ავტორი ადარებს რა მყინვარს გოეტეს და თერგს–ბაურონს, უთუოდ მათი ცხოვრება ჰქონდა მხედველობაში და არა მათი შემოქმედება. (ძნელია, "ფაუსტის" ავტორს, გოეთეს, უკარებლობა და მძვნვარება დაუწუნო). ესეც თერგი, მუდამ მოუსვენარი და დაუდგრომელი.

"მგზავრის წერილებში" ილია თერგისა და მყინვარის მხატვრული სახეებით, მათი შედარებითა და დაპირისპირებით აყალიბებს თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების ძირითად პრინციპს, რომელიც ამგვარადაა ფორმულირებული: "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის... ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მომცემი". სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო ქართველობა ილიას აზრით: აქტიური, ფხიზელი, ზნეობრივი პოზიციით. და არა ისეთი, როგორსაც ხედავდა მაშინ– ღირსებააყრილს, მოდუნებული მაჯისცემით, ჩაგრულსა და მონობას შეგუებულს. ამავე შინაარსს გამოხატავს ილიას ერთ–ერთი პერსონაჟის, ოთარაანთ ქვრივის სიტყვები: " თუ წუთისოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გადაგთელავს , როგორც დიდოელი ლეკი– ნაბადსაო". ამ ფიქრებით ილია უახლოვდებოდა სამშობლოს. უნდა შეხვედროდა პირისპირ მწარე რეალობას, რუსეთის ჩექმის ქვეშ გათელილი მშობლიურ მიწას ... წინ დიდი ბრძოლა, ერის გამოფხიზლება და ეკლიანი გზა ელოდა, ეს გზა, გზა ვლადიკავკასიდამ თბილისამდე მოგვიანებით თბილისიდან წიწამურამდე გაგრძელდება და იქ დასრულდება... დასრულდება დიდი ადამიანის დიდი გზა... კვალი კი წარუშლელია... მოდიოდა ილია სამშობლოში და უყურებდა თერგის მოძრაობას, ნატრობდა ნეტავ ასეთი სიცოცხლე და მოძრაობა ჩემს ქვეყანაშიც მანახაო. მაშინ ილია ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ მდინარის სახელი ერთ–ერთ ტერმინს დაედებოდა საფუძვლად, ისე კი ჰქონდა რაღაც ეჭვი გულში: "თერგდალეულობაზე" ხომ ნაწარმოებში საუბრობს. "თერგდალეულობა" თერგის გადალახვით სამშობლოში დაბრუნებას ნიშნავს.(და არა მარტო ამას, მოგვიანებით ამ ტერმინმა გააერთიანა ზოგადად უცხოეთში ნაცხოვრები და ნასწავლი, პროგრესული იდეების მატარებელი ყველა ახალგაზრდა). იმ დროის საქართველოში "თერგდალეულებს" ეჭვით, შიშით და უნდობლობით უყურებდნენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий